- ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებით, ფოთის საზღვაო ნავსადგურში, რუსეთის ფედერაციის პორტიდან რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი შემოვიდა, რომლის ტვირთი დაიცალა და კანონმდებლობის შესაბამისად მოექცა ტრანზიტის პროცედურაში. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
“მიმდინარე წლის 16 სექტემბერს, ფოთის საზღვაო ნავსადგურში, რუსეთის ფედერაციის პორტიდან შემოვიდა, რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი – ,,CALLIOPE”.
აღნიშნული გემი დატვირთული იყო ტრანზიტული ტვირთით – დიზელი 4 044 ტონა. ( მიმღები სომხური კომპანია. უწყება თავს იკავებს კომპანიების სახელწოდებების დასახელებისგან და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან).
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ განხორციელებული სკრინინგის შედეგად, დადასტურებულია, რომ გემზე და გემის მფლობელ კომპანიებზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები. ასევე, შემოსავლების სამსახურის მიერ გადამოწმების შედეგად, საერთაშორისო სანქციები არც შემოსულ ტვირთზე ვრცელდება. აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ღია წყაროებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბაჟო კონტროლის პროცედურების დასრულების შემდეგ, ზემოაღნიშნული ტვირთი დაიცალა და კანონმდებლობის შესაბამისად მოექცა ტრანზიტის პროცედურაში.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კოორდინირებულად, მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ, როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით და თუ გემი, ტვირთი ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და საბაჟო პროცედურების განხორციელების უფლება”-აღნიშნულია ინფორმაციაში.