- ფოთში, კოსტავას ქუჩაზე მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ფოთის მერია შესაბამისი პროგრამის ფარგლებში ფინანსურ დახმარებას გაუწევს.
ხანძარი კოსტავას ქუჩაზე არსებულ ოთხსართულიან კორპუსში, დღეს დილით გაჩნდა. ხანძრის შედეგად, ერთი ბინა სრულად დაიწვა, ერთი კი ნაწილობრივ.
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ზარალის ოდენობას მერიის შესაბამისი სამსახურები ადგილზე შეისწავლიან და დაზარალებულ ოჯახებს შესაბამისი კომპენსაცია გადაეცემათ. საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტი დაზარალებულ ოჯახებს დროებით საცხოვრებელი ქირით უზრუნველყოფს. ოპერატიულად დაიწყება დაზიანებული სახურავის გადახურვის სამუშაოები. ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.
ხანძრის ლიკვიდაცია დროულად მოხდა და კორპუსის არცერთი მცხოვრების ჯანმრთელობას საფრთხე არ შექმნია.