- საქართველოს მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით 2021 წელს საუკეთესო შედეგის მქონე მუნიციპალიტეტად ფოთის მუნიციპალიტეტი დასახელდა.
ფოთის მუნიიპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 2019 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის მიხედვით ფოთის მუნიციპალიტეტი 36-ე ადგილს იკავებდა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის მიხედვით მომზადებული მუნიციპალიტეტების 2021 წლის შეფასების შედეგების პრეზენტაცია და გამჭვირვალობის რეიტინგის პირველ ხუთეულში შემავალი მუნიციპალიტეტების დაჯილდოება გაიმართა, სადაც გამომსვლელებს სიტყვით მიმართა ფოთის მერმა.
ბექა ვაჭარაძემ გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტების დანერგვის მიღწევებზე , გამოწვევებზე და საჭიროებებზე ისაუბრა. ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი მუნიციპალიტეტების ღიაობასა და ანგარიშვალდებულებას აფასებს. მისი მიზანია საქართველოში გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული თვითმმართველობის ჩამოყალიბება, თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდა, კორუფციის რისკების შემცირება და მუნიციპალიტეტებს შორის წარმატებული გამოცდილების გაზიარება.
პროექტი ხორციელდება კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის (CTC), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის (MSDC) მიერ, ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს (OSGF) ფინანსური მხარდაჭერით.