- “პუბლიცისტი, კრიტიკოსი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, მამულიშვილი, რომელიც თავისი აზროვნებითა და საქმისადმი მიდგომით ნამდვილად უსწრებდა დროს”,-ასე აფასებს ახალი თაობა ნიკო ნიკოლაძეს, -ადამიანს, რომელიც ნებისმიერ ფოთელს ეამაყება.
აღსანიშნავია, რომ ნიკო ნიკოლაძე იყო პირველი ქართველი, ვინც სადოქტორო დისერტაცია ევროპაში დაიცვა.
ნიკო ნიკოლაძე დაიბადა ქუთაისში, 1843 წლის 27 სექტემბერს, იაკობ ნიკოლაძის ოჯახში. იაკობ ნიკოლაძე ქუთაისში ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც აღებ–მიცემობის საქმეს მიჰყო ხელი: ჯერ ხე-ტყით ვაჭრობა დაუწყია, შემდეგ, ქალაქის ხელმძღვანელობის დაკვეთით, აშენებდა საცხოვრებელ სახლებს. მოგვიანებით, ფოთიდან ხის კუნძებს უცხოელებზე ყიდდა. იყო ერთ-ერთი პირველი კომერსანტიც, ერთხანს გერმანიაში წასულა ზღვით და ქუთაისში გასაყიდად ქსოვილები ჩამოუტანია.
ნიკო ნიკოლაძე ქუთაისის გიმნაზიაში სწავლობდა. მამა თავის თანაშემწედ ზრდიდა და შესაბამისად, ტექნიკურ განათლებას იღებდა.
„მე-6 კლასში იყო, მამას ფოთში გაჰყვა საქმეზე, იქ კოღომ უკბინა და ციება დაემართა. მთელი წელი მკურნალობდა სახლში. გიმნაზიაში არ დადიოდა, თუმცა, ძალიან ბევრს კითხულობდა და მეცადინეობდა. ეს იყო 1860 წელი. სწორედ მაშინ გააგზავნა 2 ფელეტონი თბილისში, ჟურნალ „ცისკარში“, ფსევდონიმით „მეკენჭე“. ივანე კერესელიძემ ორივე ტექსტი გამოაქვეყნა, ისე, რომ არც კი იცოდა, ვინ იყო მისი ავტორი. ეს იყო, ფაქტობრივად, ნიკოს დებიუტი. მოგვიანებით, როცა უკვე ცნობილი პუბლიცისტი და მოღვაწე გახდა, ამბობდა, ყველაზე მეტად, სულით და გულით ჟურნალისტობა მინდა, მაგრამ ჩემი ეს პროფესია დღეს არავის სჭირდება. როგორც ჩანს, ანძ ალიან ადრე დავიბადე, ან ძალიან დავიგვიანეო“.
ნიკო ნიკოლაძემ დაარწმუნა მამა, რომ გიმნაზიის ჰუმანიტარული მიმართულებით დამთავრების და შემდეგ, საინჟინრო საქმის შესწავლის ნაცვლად, პეტერბურგში, იურიდიულ ფაკულტეტზე შესვლის ნება მიეცა. ასეც მოხდა – 1861 წელს, 2 მეგობართან ერთად, ქუთაისიდან პეტერბურგში გაემგზავრა. ამ დროისთვის ნიკო ნიკოლაძე ფლობდა ფრანგულ, რუსულ, ენებს. მოგვიანებით შეისწავლა ინგლისური, იტალიური და გერმანული.
შემდეგ იყო სწავლა პარიზში, სორბონას უნივერსიტეტში. იქ ძალიან ბევრს შრომოდა, სწავლობდა, კითხულობდა, ეცნობოდა ფრანგულ სოციალიზმს. თუმცა, დიდად მოხიბლული არ დარჩენილა. მოგვიანებით წერდა, დიდი არაფერი ყოფილა ეს „ფრანციცული სოციალიზმი“, ვზივარ, 18 საათს ვმუშაობ ბიბლიოთეკაში, ძალიან ბევრი შრომა მიწევსო.
პარიზში ბევრ საინტერესო ადამიანს შეხვდა. მას ნაცნობობა, თანამშრომლობა თუ მიმოწერა აკავშირებდა ჯუზეპე გარიბალდისთან, ვიქტორ ჰიუგოსთან, ალფონს დოდესთან, ემილ ზოლასთან, პოლ ლაფარგთან. ამავე პერიოდში, შეხვდა კარლ მარქსს, რომელმაც ნიკოლაძეს შესთავაზა, ამიერკავკასიაში პირველი ინტერნაციონალის წარმომადგენელი ყოფილიყო, რაზეც დელიკატური უარი მიიღო. როგორც ნიკოლაძე იგონებს, მას არ ესმოდა, ვერ წარმოედგინა სამშობლოში გაეტარებინა მარქსის იდეები და ასეთ რამეს ვერაფრით დაეთანხმდებოდა.
ნიკო ნიკოლაძე საფრანგეთიდან შვეიცარიაში გაემგზავრა და ჟენევისა და ციურიხის უნივერსიტეტებში სწავლობდა. იქ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია.
ნიკო ნიკოლაძე იყო პირველი ქართველი, ვინც სადოქტორო დისერტაცია ევროპაში დაიცვა. ჟენევაში 1868 წელს გამოქვეყნებული მისი სადიპლომო ნაშრომი, როგორც მაშინ „სადოქტოროს“ უწოდებდნენ, „განიარაღება და მისი ეკონომიკურ-სოციალური შედეგები“ დღესაც დიდ ინტერესს იწვევს.
ნიკო ნიკოლაძე იყო ადამიანი, რომელიც არა მარტო ერთი ქალაქის განვითარებისათვის იბრძოდა, მან დიდი წვლილი შეიტანა სრულიად საქართველოში არაერთი დარგის განვითარების საქმეში, თუმცა დღევანდელი ფოთის ლამაზი ისტორია პირდაპირ უკავშირდება დიდი მამულიშვილის ცხოვრებას და მოღვაწეობას.