ფოთში აეროლოგიური დაკვირვების სადგური გაიხსნა

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი ქალაქ ფოთში გარემოს ეროვნული სააგენტოს აეროლოგიური დაკვირვების სადგურის მუშაობის პროცესს გაეცნო. ნინო თანდილაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ვასილ გედევანიშვილი, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე საქართველოში, ნილს ქრისტენსენი და ქ. ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ხახუბია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ფოთში დამონტაჟებული აეროლოგიური დაკვირვების სადგური ატმოსფეროს ზედა ფენებში, დედამიწის ზედაპირიდან 30-35 კმ სიმაღლემდე ზომავს მეტეოროლოგიურ პარამეტრებს: ქარის სიჩქარეს და მიმართულებას, ჰაერის ტემპერატურას და ტენიანობას, რომელიც საჭიროა ამინდის და სტიქიური მოვლენების მაქსიმალურად ზუსტი პროგნოზისთვის, კლიმატური ანალიზისთვის, ასევე, აგროწარმოებისთვის, წყლის რესურსების მართვისთვის, ავიაციისთვის, მრავალმხრივი საფრთხის შესახებ ადრეული გაფრთხილებისთვის და სხვა.

აღნიშნული სადგური ინტეგრირებულია სააგენტოში არსებულ დაკვირვების სისტემებთან და თანამედროვე საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო და საპროგნოზო (ICT) სისტემასთან, რომლის დანერგვაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს.

აეროლოგიური დაკვირვების სადგურის გახსნის ღონისძიებას გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, ქ. ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.