- ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფოთში, 400 ბავშვს პირველადი საჭიროების კალათები გადაეცა საჩუქრად.
უწყების ცნობით, სასაჩუქრე კალათები ქალაქში მცხოვრებ სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფს, ა(ა)იპ ბავშვთა ცენტრის და შშმ ბავშვთა დღის ცენტრის ბენეფიციარებს გადაეცა. კალათი მოიცავს ბავშვებისთვის საჭირო საბაზისო ჰიგიენურ ნივთებს და საკანცელარიო ინვენტარს.
საქველმოქმედო კამპანია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიასა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის ურთიერთთანამშრომლობის შედეგად განხორციელდა.
კამპანიის განხორციელებაში ჩართულები იყვნენ ქალაქ ფოთის მერიის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახური, ადმინისტრაციული სამსახურის ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება და წითელი ჯვრის ადგილობრივი მოხალისეები.