- “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ფოთში ზღვის სანაპირო ზოლზე არსებულ მდგომარეობას აპროტესტებს. ოპოზიციის განცხადებით, საზღვაო ქალაქი ზღვის სეზონს ტრადიციულად მოუწესრიგებელი ხვდება.
მათი თქმით, მალთაყვის სანაპირო ზოლის რეაბილიტაციისთვის 8 მილიონ ლარამდე დაიხარჯა და ინფრასტრუქტურა სავალალო მდგომარეობაშია. ისინი ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ და რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
„ყოველი სეზონის მოსვლისას საუბარი გვიწევს სანაპირო ზოლის მოუწესრიგებლობასთან დაკავშირებით. 8 მილიონამდე დაიხარჯა მალთაყვის სანაპირო ზოლის რეაბილიტაციისთვის და ეს რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურა არის სავალალო მდგომარეობაში. დაკეტილია საშხაპეები, სველი წერტილები უფუნქციოა. ადამიანს ელემენტარული პირობა არა აქვს, რომ მოვიდეს სანაპიროზე და ნორმალურ გარემოში დაისვენოს. წელსაც უდიდესი პოტენციალის მქონე საზღვაო ქალაქი სრულიად მოუმზადებელი და მოუწესრიგებელი ხვდება საზღვაო სეზონს”, – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის წევრმა“ არჩილ გულორდავამ.