- ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი შარაბიძის განცხადებით, საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში საარჩევნო პროცესები მშვიდ გარემოში, დარღვევების გარეშე მიმდინარეობს.
“მიმდინარეობს შუალედური არჩევნები. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ფოთის #6 უბანზე, შესაბამისად, აქ მიმდინარეობს კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. ვაკვირდებით პროცესს და ვხედავთ რომ, ამომრჩეველთა აქტივობა საკმაოდ მაღალია და მონაწილეობს არჩევნებში შეფერხებების გარეშე. ასევე შემიძლია ვთქვა რომ, ჩემი ინფორმაციით, საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
რაც შეეხება ბატონ წულეისკირის განცხადებას, ერთადერთი შემიძლია გითხრათ, რომ საარჩევნო სიები ხელმისაწვდომია ყველა ჩართული მხარისთვის, მისი ასლი შეუძლია მიიღოს აბსოლუტურად ყველა ჩართულმა მხარემ, მათ შორის წარმდგენმა პოლიტიკურმა პარტიებმა თუ საინიციატივო ჯგუფებმა. საარჩევნო სიები გამოკრულია საჯაროდ და ჩატვირთულია ვერიფიკაციის აპარატებში. აღნიშნულ საკითხზე საუბარი კი შეიძლება პოლიტიკურ დღის წესრიგს ითვალისწინებდეს,”-აღნიშნა გიორგი შარაბიძემ.