- ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებულია ინფრასტრუქტურა – 32 მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინა, 120 კერძო სახლის, 4 საჯარო სკოლის, 1 საბავშვო ბაღის სახურავი.
უწყების ცნობით, მნიშვნელოვნად დაზიანდა სკვერები, მინი მოედნები, ტროტუარები, ელექტრო გადამცემი სადენები და ბოძები, საახალწლო განათებები. მოგლეჯილია ათეულობით მრავალწლოვანი ხე. ამ დრომდე ნარჩუნდება ძლიერი ქარი.
მთელი დღის განმავლობაში, ქალაქის სხვადასხვა უბანში მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები. ასევე გატარებულია უსაფრთხოებისთვის საჭირო ყველა ზომა.
ამ დროისთვის, ქალაქში სრულად აღდგა ბუნებრივი აირის და წყლის მიწოდება. ელექტრო ენერგია არ მიეწოდება ქალაქის გარკვეულ უბნებს. ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ჯგუფები უწყვეტად აგრძელებენ აღდგენით სამუშაოებს.
მერიაში შექმნილი მობილური ჯგუფები მუნიციპალიტეტის მასშტაბით აგრძელებს მონიტორინგს.
ყველა შემოსულ შეტყობინებაზე შესაბამისი სამსახურების მიერ, მეტეოროლოგიური პირობების შესაბამისად, ხორციელდება მყისიერი რეაგირება.
ფოთის მერიაში შექმნილი საგანგებო შტაბი 24 საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.