იუსტიციის სამინისტრომ ფოთის მერიასთან მემორანდუმი გააფორმა

  • იუსტიციის სამინისტრომ ფოთის მერიასთან მემორანდუმი გააფორმა.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომამისჯილი პირები ფოთის მერიის შესაბამის სამსახურებში, სკვერებსა და ბაღებში დასაქმდებიან. იუსტიციის სამინისტრომ არასაპატიმრო სასჯელის ეფექტიანი აღსრულების მიზნით ახალი მიდგომა დანერგა. შესაბამის მემორანდუმს ხელი იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა კურდღელიამ მოაწერეს.

უწყების ცნობით, იუსტიციის სამინისტროს ახლებური მიდგომის შედეგად, მსჯავრდებულები ერთის მხრივ საკუთარ წვლილს შეიტანენ ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში, ხოლო მეორეს მხრივ, საზოგადოების წინაშე მიყენებულ ზიანს აანაზღაურებენ.

მიმდინარე წლის ივლისში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები უკვე გაფორმდა ქუთაისის, ოზურგეთის, ბათუმის, ყვარლის, გურჯაანის, თელავისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების მერიებთან, რის შედეგადაც, შრომამისჯილთა დასაქმებისთვის ახალი სივრცე გაჩნდა.

საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის ეფექტიანი აღსრულების მიზნით, შესაბამისი მემორანდუმი, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ქალაქთან და მუნიციპალიტეტთან გაფორმდება.

კომენტარის დატოვება