- ფოთში, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას შეკრებილ საზოგადოებასთან ერთად, პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანმა და საკრებულოს თავმჯდომარე, ალექსანდრე ტყებუჩავამ.
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა ფოთის საკათედრო ტაძარში დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.