- ფოთში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა რამდენიმე ქუჩა, ეზოები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები.
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ზიანი მიადგა საქალაქო ინფრასტრუქტურის ნაწილსაც.
“სამწუხაროდ, ჩვენს ქალაქში, ბოლო დღეებში არსებული სტიქიის გამო ზიანი მიადგა როგორც საქალაქო ინფრასტრუქტურას, ასევე მრავალბინიანი საცხოვრებელი და კერძო სახლების ნაწილს.
შესაბამისი სამსახურები, აქტიურად მუშაობენ, ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე სტიქიით მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად და შემდგომი დღეების განმავლობაშიც აქტიურად გაგრძელდება სამუშაოები.
პარალელურად, შევქმენით ჯგუფი რომელიც ახორციელებს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობის დათვლას და უმოკლეს პერიოდში გაიცემა კომპენსაციები.
ასევე, მალევე აღვადგენთ დაზიანებულ საქალაქო ინფრასტრუქტურას და აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას შემდგომშიც საგზაო ინფრასტრუქტურის და სანიაღვრე სისტემის მოწყობასთან დაკავშირებით, რომ მომავალში მსგავსი რისკები მინიმუმამდე დავიყვანოთ, თუმცა მსგავსი ნალექის დროს ეს ფაქტიურად შეუძლებელი ხდება.”-აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.