- ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) სხდომაზე საქართველოს პარლამენტის 2023 წლის 29 აპრილის შუალედური არჩევნების შედეგები შეაჯამა.
ცესკო-ს ინფორმაციით, შემაჯამებელი ოქმის მიხედვით №26 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, რომელიც ფოთს, ხობს და სენაკს მოიცავს, საქართველოს პარლამენტის წევრად, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, არჩეულია გიორგი ხახუბია (№41 „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“).
შემაჯამებელი ოქმის თანახმად, პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებული იყო 105 314 ამომრჩეველი, არჩევნებში მონაწილეობა 29 591-მა ამომრჩეველმა მიიღო.
საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა შემდეგია:
№21 ბესიკი წულეისკირი – „თავისუფალი საქართველო”- 1 359 ხმა, 4.70%.
№41 გიორგი ხახუბია – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” – 27 551 ხმა, 95.30%.
რაც შეეხება საკრებულოს შუალედურ და მერების რიგგარეშე არჩევნებს, აღნიშნული არჩევნების შედეგები შესაბამისმა საოლქო საარჩევნო კომისიებმა 5 მაისს გამართულ სხდომებზე შეაჯამეს.
აღსანიშნავია, რომ როგორც კენჭისყრის დღე, ისე შემდგომი საარჩევნო პროცედურები წარიმართა კანონმდებლობის შესაბამისად. საკრებულოს შუალედური არჩევნები სრულად ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა დაკენჭისყრის პროცესი წარმატებით განხორციელდა.
საარჩევნო უბნებზე გამოყენებული იყო ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული საშუალებები, რომელიც სინქრონიზებული იყო ერთმანეთთან. რაც შეეხება პარლამენტის შუალედურ და მერის რიგგარეშე არჩევნებს, აღნიშნულ არჩევნებშიც უმრავლეს შემთხვევაში გამოყენებული იყო ტექნოლოგიები, თუმცა ზოგიერთ უბანზე კენჭისყრა ტრადიციული მეთოდით მიმდინარეობდა. საერთო ჯამში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 91%-მა ხმასწორედ ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების გამოყენებით მისცა.
ცესკო აღნიშნავს, რომ ახალმა ტექნოლოგიებმა ამომრჩევლების მოწონება დაიმსახურა. სწორედ ტექნოლოგიების გამოყენებით საარჩევნო ადმინისტრაციამ პირველადი წინასწარი შედეგები კენჭისყრის დასრულებიდან საათ ნახევარში წარადგინა.