- ფოთელი აუდიტორიისათვის ქართული მხატვრული ფილმის „პირველი მერცხალი“ ჩვენება გაიმართა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მაყურებელმა ფილმის აღდგენილი ვერსია იხილა. ,,პირველი მერცხალის“ აღდგენის პროცესი ეროვნულ არქივთან თანამშრომლობით რამდენიმე თვის წინ დასრულდა.
„პირველი მერცხალი“ ერთ-ერთი გამორჩეული და მაყურებლისთვის საყვარელი ფილმია ქართული კინოსა და თეატრის ვარსკვლავების მონაწილეობით. იგი ნანა მჭედლიძემ ფოთში 1975 წელს გადაიღო ლევან ჭელიძის სცენარის მიხედვით, რომლის შექმნაშიც თავად რეჟისორი მონაწილეობდა.
კინოჩვენებას, ეროვნული კინოცენტრის, ქალაქ ფოთის მერიის წარმომადგენლებთან, ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ერთად დაესწრნენ მსახიობები მიხეილ კინწურაშვილი და ზურაბ შილაკაძე. ისინი ფილმში ღუტფიუსა და ჯემალის როლებს ასრულებენ. მათთან ერთად იყვნენ ნანა მჭედლიძისა (რეჟისორი) და ლევან ჭელიძის (სცენარის ავტორი) შვილები.
კინოჩვენება სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის ტერიტორიაზე ჩატარდა, სადაც ფილმის რამდენიმე სცენაა გადაღებული.
47 წლის შემდეგ „პირველი მერცხალის“ დაბრუნებამ ფოთში აუდიტორიის დიდი მოწონება დაიმსახურა.