- ფოთში კოსტავას, გამსახურდიას, დავითაიას, 8 მარტის და კრატასიუკის ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია დასრულდა.
ფოთის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაიგო ორი ფენა ასფალტო-ბეტონის საფარი, განხორციელდა სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა და დამონტაჟდა საგზაო ნიშნები.
“იცვლება სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის წესი კოსტავას და მარჯანიშვილის ქუჩებზე. კოსტავას ქუჩაზე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა გახდება ცალმხრივი – რუსთაველის რკალიდან 8 მარტის ქუჩის მიმართულებით. ასევე, მარჯანიშვილის ქუჩაზე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა გახდება ცალმხრივი – 8 მარტის ქუჩიდან ცოტნე დადიანის მოედნამდე.
პარალელურად, წყალარინების პროექტის სამუშაოები დაიწყება გურიის, სამეგრელოს და ლარნაკას ქუჩებზე, რის შემდეგაც აღნიშნულ ქუჩებზე განხორციელდება საგზაო ინფრასტრუქტურის სრული მოწყობა.
სახელმწიფოსა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია გაგრძელდება და ეტაპობრივად მოიცავს ქალაქის ყველა ქუჩას.”-აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.