- ფოთში ქართული ფოლკლორის კოლხურ-ლაზური ცეკვებისა და სიმღერების ფესტივალი გაიმართა. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 26 და 27 ივნისს, ქალაქის მთავარ სცენაზე, საქართველოს სხვადასხვა რაიონიდან ჩამოსული 20-ზე მეტი ანსამბლი წარსდგა მაყურებლის წინაშე. ფესტივალს უკრაინელი მონაწილეებიც ყავდა.
ქართული ფოლკლორის კოლხურ-ლაზური ცეკვებისა და სიმღერების ფესტივალ- კონკურსი“ 2007 წლიდან ყოველწლიურად ტარდება. ფესტივალი ემსახურება კოლხურ- ლაზური ფოლკლორის აღდგენა-განვითარებას, ხალხური შემოქმედებითი მემკვიდრეობისადმი მოზარდი თაობის ინტერესის გაღრმავებას, კულტურული დონის ამაღლებას, მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებას და ანსამბლების შემოქმედებითი გამოცდილების ურთიერთგაზიარებას.
ფესტივალის საზეიმო დახურვის ცერემონიალს ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები დაესწრნენ.
ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ ყველასთვის საყვარელ ქართული ქორეოგრაფიის ორ ლეგენდას, ფრიდონ სულაბერიძესა და ომარ მხეიძეს ფოთის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა.
საქართველოს სახალხო არტისტს, საქართველოს სახელმწიფო პრემიის მფლობელს, საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ ,,რუსთავის“ ხელმძღვანელს, ბატონ ფრიდონ სულაბერიძეს და საქართველოს სახალხო არტისტს, საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის საპატიო თავჯდომარეს, პრეზიდენტის ეროვნული პრემიის ლაურეატს, ქართული კულტურის რაინდს, ღირსების ორდენის კავალერს, ქართული ცეკვის საუკუნის მოცეკვავეს, უმაღლესი ქორეოგრაფიული ჯილდოს ,,საუკუნის მოცეკვავე-ლეგენდარული ომარ მხეიძე” მფლობელს ომარ მხეიძეს, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ფოთელთა სიყვარულისა და პატივისცემის ნიშნად, საპატიო ფოთელის წოდება მიენიჭათ.
ფესტივალის დასასრულს, ქალაქის ცენტრალური პარკის მიმდებარედ, ჯანო ბაგრატიონის სახელობის ქორეოგრაფიული ანსამბლის „ლაზიკა“ ვარსკვლავი გაიხსნა.