“სოციალური ინოვაციები მომავლისთვის“ გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა

  • ფოთში, საგანმანათლებლო პროგრამის “სოციალური ინოვაციები მომავლისთვის“ გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა.

მთავარი პრიზი, 20,000 ლარი, გადაეცა ნიკო ნიკოლაძის სახელობის მეორე საჯარო სკოლის გუნდს, მათი იდეის — სკოლაში განახლებადი ენერგიის წყაროებით („მზის პანელებით“) აღჭურვის განხორციელებისთვის.

სასწავლო პროგრამაში მონაწილე ყველა სკოლას საჩუქრად გადაეცა პროექტორი და ეკრანი, ხოლო N3, N4 და N5 საჯარო სკოლებს დამატებით გადაეცათ ციფრული ეკრანები ინოვაციური იდეების წარმოდგენისთვის.

საგანმანათლებლო პროგრამა „სოციალური ინოვაციები მომავლისთვის“ მიზნად ისახავდა ფოთის საჯარო სკოლების მოსწავლეებში სოციალური ინოვაციებისა და დიზაინის აზროვნების განვითარების ხელშეწყობას, მათი აქტიური ჩართულობის წახალისებას ადგილობრივი სოციალური პრობლემების მოგვარების გზების ძიებაში.

პროგრამა განხორციელდა კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) და ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლობით, BP-ისა და APM ტერმინალს ფოთის (სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის მხარდამჭერია CTC-ის სოციალური ინოვაციების პლატფორმა (SIP www.socialinnovations.ge), რომელსაც ფინანსურად მხარს უჭერს შვეიცარიული ორგანიზაცია HEKS/EPER სამხრეთ კავკასია.

ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს