პალიასტომი გამდინარე ტბაა ოდიშ-გურიის დაბლობზე, ქალაქ ფოთთან. ადმინისტრაციულად მოქცეულია ნაწილობრივ სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში (ხობის მუნიციპალიტეტი), ნაწილობრივ — გურიის მხარეში (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი). ტბას ერთვის მდინარე ფიჩორი, გამოედინება მდინარე კაპარჭინა.
ტბას იყენებენ ხე-ტყის დასაცურებლად, თევზჭერისთვის. ტბა შედის კოლხეთის ეროვნული პარკის შემადგენლობაში.
ლეგენდის თანახმად, როგორც ამას მწერალი ეგნატე ნინოშვილი აღწერს თავის მოთხრობაში “პალიასტომის ტბა” მის ფსკერში მთელი ტომია ჩაძირული: „ახლა რომ ტბაა, იმ ადგილას თურმე ხმელეთი იყო. ზედ ხალხი იდგა და იმ ხალხს პავლიას ტომს ეძახდნენ. ერთ დღეს ხმელეთმა ძირს დაიწია, ერთ ადგილას მიწა გაირღვა, უცბად წყალი ამოვარდა დედამიწიდან და მთელი სოფელი დაფარა. აქაური ხალხი და ყოველი სულდგმული დაიხრჩო. გადარჩენილა მხოლოდ ერთი დიაკვანი, რომელმაც გაიტაცა მთავარანგელოზის ხატი, აიტანა ჯუმათის მთაზე და იქ შემდეგ ამ ხატს ეკლესია აუშენეს. ეს დიაკონიც, გვარად დარჩია, დეკანოზად დააყენეს“.
ქუთაისის მუზეუმშია დაცული პალიასტომის ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც ასევე აქვს ქართული წარწერა. ტბის დასავლეთ ნაწილში, მალთაყვასთან, დადასტურდა III-VIII სს-თა ნამოსახლარის ნაშთები. არქეოლოგიური კვლევით გაირკვა, რომ პალიასტომის ტბაში პუნქტ „ნატეხებში“ ძველი ნამოსახლარია და მისი ნაშთები 900 კვ.მ-ზე ვრცელდება.