- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ფოთში წყალმომარაგებისა და წყალარინების მიმართულებით ქსელის რეაბილიტაცია-მშენებლობის პროექტებს ახორციელებს.
ქალაქ ფოთისა და მიმდებარე სოფლების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის ფარგლებში, სრულად შეიცვლება სოფელი ნოსირიდან ცენტრალურ მაგისტრალზე არსებული დაზიანებული მონაკვეთები, რომელიც წყალმომარაგებით უზრუნველყოფს ქ ფოთის, სენაკისა და ხობის მუნიციპალიტეტებში შემავალ 17 სოფელს: ჭალადიდი, ქვემო ქვალოვანი, გოლასკური, ზემო ჭალადიდი, თეკლათი, პატარა ფოთი, საჭოჭუო, შავღელე, ახალი სოფელი, საგვიჩიო, ზემო რეკა, ქვედა რეკა, შუა ქვალონი, შუა ხორგა, ქარიატა გაღმა, ყულევი, ქარიატა გამოღმა. პროექტის დასრულება, ეტაპობრივად, 2027 წლისთვის იგეგმება, რის შედეგადაც, ადგილობრივი მოსახლეობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი უწყვეტი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.
ქსელის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა წმინდა გიორგის ქუჩაზე, წყალმომარაგების ქსელი განახლდება მალთაყვას უბანშიც. პროექტი ასევე ითვალისწინებს: ჭაბურღილების, სათავე ნაგებობებისა და სკადას სისტემის მოწყობას. მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები ჩატარდება საქლორატოროსა და სატუმბ სადგურებზეც, მნიშვნელოვნად გაიზრდება წყლის დებიტი. პარალელურ რეჟიმში, ქ. ფოთში გრძელდება წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოებიც.
კომპანიის დაკვეთით, ქალაქ ფოთში წყალმომარაგებისა და წყალარინების მშენებლობის პროექტის მიერ დაზიანებული საავტომობილო გზების რეაბილიტაციის სამუშაოებიც მიმდინარეობს, რაც ჯამში 17 კმ-მდე მონაკვეთზე, 10 ქუჩაზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებს გულისხმობს.
ამასთანავე, ლარნაკას, გურიისა და სამეგრელოს ქუჩებზე წყალარინების ქსელის მშნებელობის მიზნით, ტრანსპორტის შეუფერხებლად მოძრაობისთვის ალტერნატიული გზა თეოფანე დავითაიას, ვიქტორ კრატასიუკისა და გამსახურდიას ქუჩებზე მოეწყობა.
მიმდინარე მასშტაბურ პროექტებს ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე, მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ხახუბია, ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე და კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლები გაეცნენ.
ხობისა და სენაკის მუნიციპალიტეტების 17 სოფელში და ქალაქ ფოთში მიმდინარე პროექტებს სახელმწიფო ბიუჯეტისა და აზიის განვითარების ბანკის თანადაფინანსებით ჯამში 193 მლნ. ლარზე მეტი მოხმარდება.
ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ადმინისტრაცია ავრცელებს