კოვიდგადატანილი პაციენტებისთვის სამსახურში ცნობის წარდგენის წესი შეიცვალა

  • დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირებულებს, რომელთა იზოლაციის ვადა მხოლოდ 7-8 დღე იყო, სამუშაო ადგილზე საავადმყოფო ფურცლის ნაცვლად სწრაფი ან „პისიარ“ ტესტის დადებითი პასუხის წარდგენა შეუძლიათ.

„COVID-19-ით ინფიცირებულმა პაციენტებმა, რომლებსაც არ დასჭირდათ ხანგრძლივი სამედიცინო მეთვალყურეობა და მათი იზოლაციის ვადა შემოიფარგლა 7-8 დღით, სამუშაო ადგილზე საავადმყოფო ფურცლის ნაცვლად შესაძლებელია წარადგინონ სწრაფი ან PCR ტესტის დადებითი პასუხი. აღნიშნული ცნობის მიღება, პაციენტს შეუძლია ლაბორატორიული სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებაში (სადაც ჩატარდა ტესტირება), ცნობის ამობეჭდვა, ასევე, შესაძლებელია Georgia E-health აპლიკაციიდანაც.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული ცნობის წარდგენის შემთხვევაში, მიმდინარე წლის 4 თებერვლამდე ინფიცირებული პირებისთვის, შრომისუუნარობის ვადად რვა კალენდარული დღე ითვლება, 4 თებერვლის შემდეგ კი – შვიდი.

გამონაკლისს წარმოადგენს სტრატეგიული დანიშნულების დაწესებულებების (სამედიცინო და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, თავდაცვისა, ფინანსთა სამინისტროები და მათი სისტემები, პროკურატურა, უსაფრთხოების სამსახური) თანამშრომლები, ტესტის დადებითი პასუხის წარდგენის შემთხვევაში მათთვის შრომისუუნარობის ვადა განისაზღვრება კარანტინისა და იზოლაციის ახალი წესების მიხედვით, ამასთან. არ აღემატება შვიდ კალენდარულ დღეს“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ცნობით, ცვლილება უკვე ამოქმედდა და ნებისმიერ, კერძო, თუ საჯარო სექტორში დასაქმებულ პირს ეხება.

კომენტარის დატოვება