იზოლაციისა და კარანტინის ვადები შემცირდა

  • კორონავირუსით დაავადებულთა და მათთან ონტაქტირებულთა იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სტრატეგიული დანიშნულების დაწესებულებებში დასაქმებული პირებისთვის, როგორიცა: სამედიცინო დაწესებულებები, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და თავდაცვის სამინისტროების სისტემები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საქართველოს პროკურატურის სისტემა, ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური COVID-19-ის ასიმპტომური და მსუბუქი მიმდინარეობისას, აღნიშნულ დაწესებულებებში დასაქმებული პირებისთვის, პერსონალის დეფიციტის შემთხვევაში, დამსაქმებლის მითითების გათვალისწინებით, იზოლაცია სრულდება ინფიცირების დადასტურებიდან მე-6 დღეს. იზოლაციის დასრულებისთვის აუცილებელია სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი. ამასთან სიმპტომების ალაგებიდან გასული უნდა იყოს სულ მცირე 24 საათი.

იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღის განმავლობაში მკაცრად რეკომენდებულია ნიღბის გამოყენება. ყველა სხვა ასიმპტომური ან მსუბუქი პაციენტებისთვის იზოლაცია სრულდება Covid-19-ის დადასტურებიდან 7 კალენდარული დღის შემდეგ. ამ შემთხვევაში, არ არის საჭირო ტესტის უარყოფითი პასუხი. ამასთან მსუბუქი სიმპტომების ალაგებიდან გასული უნდა იყოს სულ მცირე 24 საათი.

იზოლაციის დასრულებიდან 5 დღე ნიღბის ტარება კვლავ მკაცრად რეკომენდირებულია. საშუალო და მძიმედ მიმდინარე შემთხვევებისთვის იზოლაციის ვადა რჩება უცვლელი და განისაზღვრება დამადასტურებელი სინჯის აღებიდან მინიმუმ 10 კალენდარული დღით. სახეზე უნდა იყოს მკვეთრად გაუმჯობესებული დინამიკა ბოლო 24 საათის განმავლობაში. იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღე მკაცრად რეკომენდირებულია ნიღბის გამოყენება.

იზოლაციის დასრულების შესახებ გადაწყვეტილებას, პაციენტის ჯანმთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, იღებს მისი ოჯახის ექიმი.

კარანტინის ვადები მცირდება COVID-19-ით დაავადებულთან კონტაქტირებული, არავაქცინირებული და არასრულად ვაქცინირებული პირებისთვისაც. ამ შემთხვევაში, კარანტინის ვადა 8 დღის ნაცვლად განისაზღვრება 5 დღით. ამასთან ეძლევათ ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია მომდევნო 6-12 დღის ფარგლებში. იგივე ვრცელდება, ბუსტერ დოზის არმქონე პირებისთვის, თუ ვაქცინის მე-2 დოზის მიღებიდან გასულია 90 დღეზე მეტი. ასევე კარანტინის აღნიშნული წესები ვრცელდება პირებზე, ვისაც კოვიდის ინფექციის გადატანიდან გაუვიდა 60 დღიანი პერიოდი.

შეგახსენებთ რომ, კარანტინს არ ექვემდებარებიან, თუმცა ეძლევათ ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია კონტაქტის შეწყვეტიდან მომდევნო 10 დღე. ბუსტერ დოზით ვაქცინირებულ პირებს, სრულად ვაქცინირებულ პირებს, ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან 14-90 დღის განმავლობაში. ასევე პირებს, კოვიდის ინფექციის გადატანიდან 60 დღის განმავლობაში;იზოლაციის და კარანტინის განახლებული ვადები 10 თებერვლამდე ინფიცირებული და კონტაქტირებული პირებისთვისაც მოქმედებს.

კომენტარის დატოვება